|
„უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მიხედვით, შესაბამისი
აკადემიური კვალიფიკაციის მიღების შემდეგ, მასწავლებელმა უნდა გაიაროს მაძიებლობის
პერიოდი და ჩააბაროს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, რათა
დადგინდეს მისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობა მასწავლებლის
პროფესიულ სტანდარტთან.
მასწავლებლობის მაძიებელი
არის დამწყები მასწავლებელი. ზოგადი განათლების შესახებ კანონში იგი
განმარტებულია, როგორც პირი, რომელიც, მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად,
დროებით ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
მასწავლებლის პროფესიულ
წარმატებას, მეტწილად,
სკოლაში მუშაობის
პირველი წლების
გამოცდილება განაპირობებს.
მეორე მხრივ, ამ
პერიოდში მასწავლებლის
წინ ყველაზე მეტი
სირთულე დგება.
ამიტომ ახალბედა
მასწავლებლისთვის ძალიან
მნიშვნელოვანია გამოცდილი, მაღალკვალიფიციური
პედაგოგის, მენტორის
დახმარება. მენტორი
კვალიფიციური და გამოცდილი
მასწავლებელია, რომელიც
მზადაა, მიზნობრივი
დახმარება გაუწიოს
მაძიებელს/დამწყებ
მასწავლებელს პედაგოგიური უნარების
დახვეწაში, საკუთარი
პოტენციალის გამოვლენასა
და გამოცდილების
მიღებაში. გარდა ამისა, მაძიებლობა
ხელს შეუწყობს მენტორებსაც,
დამწყებ კოლეგებთან
მუშაობისას სრულყონ
პროფესიული პრაქტიკა.
მაძიებელი
ერთწლიან მაძიებლობის პერიოდს გაივლის მენტორის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური
პროგრამის თანახმად.
მაძიებლობის
პერიოდის დასასრულს, სკოლის დირექტორი გამოსცემს დოკუმენტს, რომელშიც აღინიშნება
ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) მასწავლებლობის მაძიებელმა წარმატებით გაიარა
მაძიებლობის პერიოდი;
ბ)
მასწავლებლობის მაძიებელმა ვერ გაიარა მაძიებლობის პერიოდი.
დოკუმენტის
გაცემის საფუძველია მაძიებლის შესაბამისობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან და
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსთან. |