ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა ბეჭდვა E-mail

პროგრამა ”ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა” გულისხმობს ქართული ენისა და ლიტერატურის კვალიფიციური მასწავლებლების  მივლინებას სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების იმ არაქართულენოვან სკოლებში, სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას ქართული ენის ცოდნისა და სწავლების საკითხი.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ქართული ენის სწავლების მხრივ, საკმაოდ რთული სიტუაციაა. პროგრამა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლების ხელშეწყობასა და ქართული ენის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას ისახავს მიზნად.

2009-2011 წლებში კონკრსში მონაწილეობა მიიღო 800-მდე კადრმა, მათგან ტესტირება და გასაუბრება წარმატებით მხოლოდ 70-მა მასწავლებელმა გაიარა.

ახლადარჩეული მასწავლებლები გადიან ტრენინგებს: „ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდიკა“, „ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობა“ და აზერბაიჯანული ან სომხური ენის შემსწავლელი სწრაფ კურსს და მხოლოდ ამის შემდეგ ნაწილდებიან სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. ამ სოფლებში მოსახლეობის თითქმის 100% სომეხი ან აზერბაიჯანელია; ქართული მათთვის უცხო ენაა, მოსახლეობის დიდ ნაწილს არც რუსული ესმის. აქედან გამომდინარე, ახლადჩასულ მასწავლებელს ელემენტარულ დონეზე მაინც მოეთხოვება ადგილობრივი ენის ცოდნა, რათა დაამყაროს თემთან ურთიერთობა, ჩართოს ღონისძიებებში მშობლები და სხვა მასწავლებლები.

აღნიშნული მასწავლებლები, საათობრივი ანაზღაურების გარდა,  სახელმწიფო პროგრამიდან იღებენ ხელფასს 1000 ლარის ოდენობით.

2011 წელს კვლავ გამოცხადდა კონკურსი ახალი კადრების (ქართული ენის მასწავლებლების) შესარჩევად და შეირჩა 11 ტრენერ-მასწავლებელი, რომლებიც მივლინებულები არიან სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის არაქართულენოვან სკოლებში;

პროგრამაში მონაწილე მასწავლებლები სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პარალელურად, ატარებენ ტრენინგებს მასწავლებლებისთვის, ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა ღონისძიებას, რომლის მიზანი თემში ქართული ენის სწავლის მოტივაციის ამაღლება და სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობის გაზრდაა.

ახალი პედაგოგის ჩასვლის შემდეგ სოფლებში ენის შემსწავლელთა ჯგუფი დგება - „ქართული ენის კლუბი“. აქ იკრიბებიან: აბიტურიენტები, მასწავლებლები, მშობლები და თემის სხვადასხვა წარმომადგენლები საუბრობენ ქართულად. ერთად ადგენენ ტექსტებს, ვარჯიშობენ ზმნის უღლებაზე, ზოგ სოფელში მსურველი იმდენია, რომ მასწავლებელს რამდენიმე ჯგუფის დაკომპლექტება  უწევს.

კლუბების მოსაწყობად და სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროექტში ჩართულ სკოლებს გადასცა საჭირო ინვენტარი, აუდიო-ვიდეო აპარატურა, სასწავლო-ვიზუალური მასალა და საკანცელარიო ნივთები.