|
სიტყვა ,,მენტორი‘‘ დღეს მრჩევლის, დამრიგებლის მნიშვნელობით იხმარება. ლეგენდარული ოდისევსის მეგობარს მენტორი ერქვა. ჰომეროსის პოემა მოგვითხრობს, რომ სწორედ მენტორს მიაბარა აღსაზრდელად ოდისევსმა თავისი ვაჟი ტელემაქე ტროაზე გალაშქრებამდე. ხშირად ოდისევსისა და ტელემაქეს დასახმარებლად, ქალღმერთი ათენა მენტორის სახეს იღებდა.
სკოლაში გამოცდილი მასწავლებლები დამწყებ კოლეგებს სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან - შექება, წახალისება, პრაქტიკული რჩევები, მაგალითების დემონსტრირება, ლიტერატურა, სპეციალისტებთან დაკავშირება, მეგობრული შენიშვნები მხარდაჭერის ის მაგალითებია,
რომლებსაც გამოცდილი
სპეციალისტები
დაუგეგმავად, სახელდახელოდ მიმართავენ; თუმცა ზოგჯერ კარგად გააზრებული გეგმის მიხედვით მოქმედებენ.
მენტორი სწორედ ის პროფესიონალი მასწავლებელია, რომელიც მზადაა ახალბედა, დამწყებ
კოლეგას მიზანმიმართული დახმარება გაუწიოს სპეციალურად განსაზღვრულ ვადებში (მასწავლებლობის
მაძიებლობის პერიოდში), ხელი შეუწყოს მაძიებელს
პრაქტიკული პედაგოგიური უნარ-ჩვევების შეძენაში, საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში,
გამოცდილების მიღებასა და პროფესიულ განვითარებაში. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მენტორი როგორც მოსწავლის, ასევე ზრდასრულთა
სწავლების კომპეტენციებსაც ფლობდეს.
მენტორი გარკვეულწილად მაძიებლობის პროგრამის წარმატებას
განაპირობებს. ეფექტურ
მენტორობაზეა
დამოკიდებული
მაძიებელში მასწავლებლის პროფესიისადმი პოზიტიური პიროვნული დამოკიდებულებისა და შინაგანი მოტივაციის გაღვივება-შენარჩუნება, კლასის
მართვისა და სწავლების
ეფექტური მეთოდებით აღჭურვა, თვითშეფასების კულტურის განვითარება, კოლეგებთან თანამშრომლობა და სხვა.
უცხოურ
საგანმანათლებლო სივრცეში ჩატარებული კვლევების თანახმად, მენტორობის ინსტიტუტი ძალზე
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დამწყები მასწავლებლის მოტივირებისა და პროფესიული ზრდისთვის,
არამედ თავად მენტორი - მასწავლებლისთვისაც.
როგორც წესი, ასეთი გამოცდილების შემდეგ, სწავლების ხარისხი უმჯობესდება. მენტორები
თავის მოსწავლეებთან ტრენერის ისეთ უნარებს იყენებენ,
როგორიცაა მოსმენა, შეკითხვების დასმა, რჩევის მიცემა (რომელსაც დატუქსვის ან გაკიცხვის
ფორმა არა აქვს) და კლასის მართვის სტრატეგიებს ახლებურად აფასებენ.
მენტორები აღნიშნავენ, რომ დამწყებ მასწავლებლებთან
მჭიდრო თანამშრომლობა მათ სასწავლო გეგმასა და ზოგადად სწავლებასთან დაკავშირებით ახალ
იდეებს შთააგონებს, ხელს უწყობს, ხელახლა გაიაზრონ საკუთარი პედაგოგიური გამოცდილება
და დამოკიდებულება სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებით.
აშშ-სა
და ევროპაში, მენტორობის ინსტიტუტი მოქმედებს არა მარტო განათლების სფეროში, არამედ ბიზნესსა და მედიცინაშიც.
მენტორობა რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესია. ეფექტური მენტორობა
მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მაძიებლის მოტივაციასა და საუნივერსიტეტო მომზადების
ხარისხზე, მენტორის მიდგომებსა და კომპეტენციებზე, სკოლის კულტურის მახასიათებლებსა
და მრავალ სხვა ფაქტორზე. ამიტომ, მსოფლიოში მენტორობის მრავალი განსხვავებული მოდელი
არსებობს. ისინი ერთმანეთისგან იმის მიხედვით განსხვავდება, თუ ვინ (კონკრეტული თანამდებობის
პირები, ორგანიზაციები, მათი ქვედანაყოფები და სხვ.) იღებს პასუხისმგებლობას ამ პროცესის
ეფექტურობაზე, ვინ არის ჩართული პროცესში, სად და რა პერიოდით მიმდინარეობს იგი.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ სკოლების უმრავლესობას აქვს საკმარისი ადამიანური
რესურსი დამწყები მასწავლებლის დასახმარებლად, თუმცა პრაქტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში
გვიჩვენებს, რომ სკოლისა და მასწავლებლის გადატვირთული განრიგის გამო,რთულია ინტენსიური
მენტორობისთვის დროის გამონახვა. შესაბამისად, მხარდაჭერა გაცილებით შედეგიანია, როდესაც
ცალკეული მაძიებლის მენტორობაზე პასუხისმგებლობას კონკრეტული სკოლა და ამ სკოლის პროფესიონალი
პედაგოგი იღებს.
მენტორობა განსაკუთრებულ
აქტუალობას იძენს მაძიებლობის
ინსტიტუტის ამოქმედებასთან ერთად. შეიძლება ითქვას, რომ
მაძიებლობის არსი განსაზღვრავს და გარკვეულ სახეს სძენს მენტორობის ინსტიტუტს. |