|
თანამედროვე სკოლას სულ უფრო მზარდი
მოთხოვნების პირობებში უწევს მოქმედება. ეს პირდაპირ უკავშირდება საზოგადოებრივ დაკვეთას,
რომ სკოლაში სასწავლო პროცესი უფრო მაღალ დონეზე წარიმართოს, ვიდრე აქამდე ხდებოდა.
შესაბამისად, სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა კონკურენტუნარიანი პედაგოგებით კვლავ
მწავე საკითხად რჩება.
ბევრი კვლევა ცხადყოფს, რომ მოსწავლეთა
აკადემიურ წარმატებებსა და პოზიტიურ ქცევას პირველ რიგში მასწავლებლის პროფესიონალიზმი
განაპირობებს. ასევე კარგად არის ცნობილი, რომ უკანასკნელ ათწლეულებში პედაგოგიურმა
თეორიამ და პრაქტიკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ფსიქოლოგიაში, ანთროპოლოგიაში,
ლინგვისტიკაში, ნეიროფიზიოლოგიასა და სხვა მეცნიერებებში ჩატარებული კვლევების კვალდაკვალ.
თანამედროვე მასწავლებლის საქმიანობაში, რომელიც ტრადიციულად
ხელოვანის ოსტატობასთან უფრო იყო ასოცირებული, ბოლო პერიოდში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს
სწავლისა და განვითარების თანამედროვე თეორიებისა და სხვა სამეცნიერო დისციპლინების
ცოდნა. ამდენად, ჩვენ საქმე გვაქვს პროფესიასთან, რომელიც
სულ უფრო მეტ, მაღალი დონის კომპეტენციას მოითხოვს. კარგი მასწავლებლისათვის
აუცილებელი კომპეტენციები ახლა უფრო ,,შესწავლადი‘‘ გახდა, ხოლო უწინ მასწავლებლობის
ბუნებრივ ნიჭთან იყო ასოცირებული.
მაძიებლობის ინსტიტუტის დანერგვა ზემოთ აღწერილი სირთულეების დაძლევას
ემსახურება. მისი შემოღებით სასკოლო სისტემა ყოველწლიურად
შეივსება ისეთ მასწავლებელთა ნაკადით, რომლებსაც გადალახული
აქვთ სკოლის ადმინისტრაციასთან, პერსონალთან, ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობის
პირველადი ბარიერები, პრაქტიკულად აქვს გამოცდილი სასწავლო პროცესის და კლასის მართვის
სტრატეგიები და გამომუშავებული აქვს საკუთარი საქმიანობის შეფასების საბაზისო უნარი.
გარდა ამისა, მაძიებლობის პერიოდის გავლით დამწყები მასწავლებელი სასწავლო პროცესის
დაგეგმვასთან, წარმართვასთან, შეფასებასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული უამრავი
პრაქტიკული ინსტრუმენტით აღიჭურვება. |