სკოლის როლი მაძიებლობის პროცესში - მიმოხილვა ბეჭდვა E-mail

მაძიებლის დახმარება  მხოლოდ მენტორის ფუნქცია არ არის. სკოლის წარმომადგენლებს, სხვა გამოცდილ მასწავლებლებსა და დირექტორს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ მაძიებლის საქმიანობაში.

რა გზით შეუძლია სკოლას მაძიებლის მხარდაჭერა? პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ სკოლა თავიდანვე დადებითი განწყობით შეეგებოს მაძიებლის გამოჩენას და ღიად გამოხატოს ეს.

მაძიებლის მიღება და სკოლის არც თუ მარტივ ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირება სასკოლო კულტურის მნიშვნელოვან კომპონენტად უნდა განვიხილოთ.

სკოლის კულტურა  წარმოადგენს  იმ ღირებულებების, პრიორიტეტებისა და ნორმების ერთობლიობას, რომლებსაც იზიარებენ და ითვალისწინებენ  სკოლის წარმომადგენლები გადაწყვეტილებების მიღებისა და რეალიზების პროცესში.

სკოლის კულტურასა და კლიმატს მნიშვნელოვანწილად სასკოლო პერსონალის მიერ გაზიარებული ლიდერობის, ურთიერთობის, თანამშრომლობის, კონფლიქტების რეგულირების, პროფესიული განვითარების ფორმები განაპირობებს.
როცა სკოლა ლიდერობისა და ,,ზემოდან - ქვემოთ‘‘ მართვის ავტორიტარულ მოდელს ეყრდნობა, მნიშვნელობას არ ანიჭებს  პოზიტიურ ცვლილებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ წინადადებებს/პროექტებს და ძირითადად ბრძანებებისა და დავალებების გაცემასა და დისციპლინარული ნორმების დაცვაზე აქვს მიმართული ძალისხმევა, ორგანიზაციულ კულტურაში თავს იჩენს დაბალი მიმღებლობა, დაქვეითებული მოტივაცია და იზოლაციონიზმი. ასეთ კონტექსტში მაძიებელი  და მასზე ზრუნვა მხოლოდ ტვირთად აღიქმება და ეს დამოკიდებულება საგრძნობლად აფერხებს მენტორობის პროცესს.

ღია და განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა, ზემოთ აღწერილი სურათის საპირისპიროდ, მართვის დემოკრატიულ პრინციპებს, გუნდური მუშაობისა და  მუდმივი სწავლის პრინციპებს ეყრდნობა. ასეთი კულტურა საკმარის ყურადღებასა და ადგილს უთმობს საინტერესო სიახლეებს, ალტერნატიულ, ინოვაციურ წინადადებებს, ურთიერთწახალისებასა და მიღწევების დაფასებას.

ბუნებრივია, ამგვარი კლიმატით გაჯერებულ სკოლაში მაძიებლობა-მენტორობის პროცესი  იმთავითვე სკოლის ცხოვრების კიდევ ერთ, საინტერესო განზომილებად აღიქმება, რაც  მენტორსა და მაძიებელს ეფექტური მუშაობისათვის საუკეთესო კონტექსტს უქმნის.