რეგისტრაცია ბეჭდვა E-mail

მასწავლებელთა რეგისტრაციის მართვის საინფორმაციო სისტემა


საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების თანახმად, 2008-2009 წლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა და დანერგა ვებ-ტექნოლოგიებით რეალიზებული მასწავლებელთა რეგისტრაციის მართვის საინფორმაციო სისტემა, რომლის მონაცემთა ბაზებშიც დაცულია საიდენტიფიკაციო, საკვალიფიკაციო, პროფესიული განვითარებისა და სხვა უამრავი ოფიციალური ინფორმაცია მასწავლებლების შესახებ.

განათლების სფეროში განხორცილებულ სახელმწიფო პროგრამებს, მასწავლებელთა დაზღვევის, სოციალური ან კვალიფიკაციის ამაღლების, მასწავლებელთა სერტიფიცირების სისტემის შექმნასა და ა.შ. სჭირდება დაზუსტებული და მუდმივად განახლებული მონაცემები სკოლებში ამჟამად დასაქმებული მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველი კვალიფიციური სპეციალისტების შესახებ.

მასწავლებელთა რეგისტრაციის მართვის საინფორმაციო სისტემა ერთ-ერთი უპრეცედენტო პროექტია ჩვენს რეალობაში იმდენად, რამდენადაც ინტერნეტის გამოყენებით, ყველა რესურს-ცენტრს, ყველა საჯარო სკოლასა და თითოეულ დარეგისტირებულ მასწავლებელს შეუძლია სისტემაში ორგანიზებული მონაცემების შეყვანა, მოძიება და მუდმივად განახლება. მონაცემების გარკვეულ ნაწილზე პასუხისმგებელი იქნება სკოლა; მონაცემთა ნაწილს, რომელიც შეეხება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებს, სისტემა მიიღებს გამოცდების ეროვნული ცენტრიდან; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობას იღებენ შესაბამისი აკრედიტებული პროგრამები, რომლებიც გასცემენ სერტიფიკატს. თითოეულ მასწავლებელს საშუალება ექნება, გადაამოწმოს პირადი მონაცემები და პერიოდულად შეიტანოს ცვლილებები და დამატებები სკოლის კომპიუტერული ცენტრის ან რესურს-ცენტრების საშუალებით. სისტემა მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად მარტივი და მოსახერხებელი ფორმით დარეგისტრირდნენ სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის.

რეგისტრაციის მართვის საინფორმაციო სისტემაში შეყვანილია საქართველოს ყველა სკოლის მონაცემები. ბაზაში სკოლები დალაგებულია 70 რესურს-ცენტრის მიხედვით. დღეისათვის, სარეგისტრაციო სისტემაში შეყვანილია 76500-მდე მასწავლებლის მონაცემი.

სისტემა ავტომატურად აგენერირებს მასწავლებლის რეზიუმეს და შესაძლებელია მისი ამობეჭდვა. შექმნილია ანალიტიკური ანგარიშების რამდენიმე ფორმა, რომელიც სისტემის მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა ჭრილში ნახოს მისთვის საინტერესო სტატისტიკური თუ ანალიტიკური ინფორმაცია, მაგალითად, მასწავლებელთა რაოდენობა და განაწილება სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით (რეგიონი, რაიონი, ასაკი, სქესი, საგანი და ა. შ); ასევე, ინფორმაცია მასწავლებლების მიერ გავლილი აკრედიტებული ტრენინგ-კურსების შესახებ.

რეგისტრაციის სისტემა დაეხმარება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს, განსაზღვროს პროფესიაში შემოსული მასწავლებლების რაოდენობა; დაადგინოს, რა გამოწვევები დგას პედაგოგების წინაშე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და ამის შესაბამისად დაგეგმოს ღონისძიებები.

მასწავლებლების მონაცემთა ბაზის შექმნა დაიწყო 2009 თებერვალში, რესურს-ცენტებიდან წარმოდგენილი მასწავლებელთა სარეგისტრაციო ანკეტების მიხედვით და დასრულდა მაისში. ბაზის შექმნაში მონაწილეობდა 20 ოპერატორი. სექტემბერში სკოლებს გადასამოწმებლად გადაეგზავნა ბაზიდან ამოღებული ინფორმაცია და ახალი ანკეტები, 2009-2010 სასწავლო წელს სკოლაში შესული მაწავლებლების დასაფიქსირებლად. გადამოწმების პროცესი დასრულდა ნოემბერში.

პერმანენტულად ტარდება რესურ-ცენტრების უფლებამოსილი პირების ტრენინგი თემაზე: მასწავლებელთა სარეგისტრაციო სისტემის გაცნობა და სერტიფიცირებისთვის მომზადება.