ასწავლე საქართველოსთვის ბეჭდვა E-mail

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმები მიმართულია ზოგადი განათლების სისტემის განვითარებისა და საჯარო სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. თუმცა, საქართველოს ბევრ რეგიონში სწავლების ხარისხი ჯერ კიდევ ჩამორჩება დადგენილ სტანდარტებს. ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებელი ასწავლის საგანს არა სპეციალობით. ზოგიერთ სკოლაში საერთოდ არ ჰყავთ ამა თუ იმ საგნის მასწავლებელი, რასაც ადასტურებს ის შეუვსებელი ვაკანსიები, რომლებიც გამოქვეყნებულია ცენტრის მიერ შექმნილ მასწავლებელთა ვაკანსიების ვებ-გვერდზე (www.pedagogi.ge) და, რომელიც თვეობით რჩება ვაკანტური. ასეთი სიტუაცია იწვევს სწავლის ხარისხის დაქვეითებას, რაც განსაკუთრებით პრობლემურია მაღალმთიან რეგიონებში.

მასწავლებელთა ყველაზე მწვავე ნაკლებობა შეიმჩნევა ისეთ რაიონებში, როგორიცაა: შუახევი, ხულო, ხელვაჩაური, ჩოხატაური, ჭიათურა, ბორჯომი, ახალქალაქი, ახმეტა, სიღნაღი, წალკა, მარნეული, დმანისი, ქარელი, დუშეთი, ამბროლაური, ონი, ცაგერი, მარტვილი, მესტია, აბაშა და სხვა. მასწავლებლების ვაკანსიების გეოგრაფიული განაწილების თავისებურების გამო, მნიშვნელოვანია ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების შერჩევა, მათთვის პედაგოგიურ უნარ-ჩვევებში ტრენინგების ჩატარება და იმ სკოლებში დასაქმება, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროებაა.

პროგრამის მიზნებია:

· სკოლებში არსებული მასწავლებლის ვაკანსიების შევსება;

· ახალგაზრდა, ენერგიული და მოტივირებული სპეციალისტების მასწავლებლის პროფესიით დაინტერესება და ჩართვა სასწავლო პროცესში;

· სკოლებში (განსაკუთრებით, მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში) სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;

· მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.