|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები მიმართულია ზოგადი განათლების სისტემის განვითარებისა და საჯარო სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლებისკენ. საქართველოში საჯარო სკოლის ნებისმიერი მოსწავლისთვის, მიუხედავად იმისა, დედაქალაქში სწავლობს იგი თუ მაღალმთიანი რეგიონის სოფელში, ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის მასწავლებელთა პროფესიონალიზმი და მოტივაცია გადამწყვეტია. საქართველოს რეგიონების სკოლებში პროფესიონალი კადრების მოზიდვისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის".
პროგრამის მიზნებია:
· სკოლებში არსებული მასწავლებლის ვაკანსიების შევსება;
· ახალგაზრდა, ენერგიული და მოტივირებული სპეციალისტების მასწავლებლის პროფესიით დაინტერესება და ჩართვა სასწავლო პროცესში;
· სკოლებში (განსაკუთრებით, მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში) სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
· მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. |