მოქმედი კონსულტანტ-მასწავლებლების გამოხმაურებები ბეჭდვა E-mail

ქეთევან კვირიაშვილი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. სოფელი ბუგეული. რაჭა.

2009 წ.

,,...პროექტის სახელწოდებამ თავიდანვე მომხიბლა. როდესაც ვპასუხობდი კითხვას, რატომ მოინდომეთ ამ პროექტში მონაწილეობა, აღნიშნე, რომ ეს ერთგვარი გამოწვევა იყო, თუმცა, ჩემი გადაწყვეტილება საქართველოსთან იყო დაკავშირებული. ახლაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქმე, რომელსაც პროექტის მონაწილეები ვაკეთებთ, ქვეყნის მომავალს წაადგება!"

ნინო მესტვირიშვილი

ბიოლოგიის მასწავლებელი. ონის რ-ნი. სოფ. პიპილეთი.

2010 წ.

,,თბილისში ვმუშაობდი პედაგოგად ერთ-ერთ სკოლაში. ტელევიზიით მოვისმინე პროექტის "ასწავლე საქართველოსთვის" შესახებ. ეს იყო აუხსნელი იმპულსი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება! მე აღმოვაჩინე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო კუთხე, რომელიც ძალიან შემიყვარდა. ადგილობრივები მეკითხებიან, თბილისელი ქალი აქ რამ ჩამოგიყვანაო. მე კი კითხვითვე ვპასუხობ, თქვენ როგორ მიდიხართ აქედან მეთქი..."

ირმა ხმელიძე

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. თეთრიწყაროს რ-ნი. სოფ. შავსაყდარი, 2010 წ.

"...იყო ადაპტაციის რთული პერიოდი, მაგრამ ახლადშეძენილი მოსწავლეების სიყვარულმა და ადგილობრივი მოსახლეობის თანადგომამ ყველაფერი გადაწონა და დამაძლევინა. მუდმივად ვგრძნობ მათგან სიყვარულსა და პატივისცემას. ვფიქრობ, რომ გამიმართლა და საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი."

 

ია ელიაშვილი

სამეგრელო-ზემო სვანეთი. მარტვილი. სოფ. აბუდათი

2009 წ.


"ავისრულე ჩემი ბავშვობის ოცნება
, მეკეთებინა ძალზე შრომატევადი და ფაქიზი საქმე, რასაც მომავალი თაობის სწავლება-აღზრდა ქვია. პროექტმა ძირეულად შეცვალა ჩემი ცხოვრება და დღეს შემიძლია თამამად განვაცხადო: მე ვიპოვე საკუთარი თავი მასწავლებლობაში. ეს ჩემი პროფესიაა!"

დიანა ბაღდადელიშვილი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მესტიის რ-ნი. სოფ. იელი

2010 წ.

"...ამ შესანიშნავი პროექტის წყალობით ვეზიარე სვანურ კულტურას... XXI საუკუნეში უშბის, თეთნულდის, ენგურის ბობოქარი ტალღების, სინგურისფერი ნისლისა და სვანური კულტურის "მორევში" მოქცეული XIX საუკუნის ცხოვრებით ვცხოვრობ და ვასწავლი თანამედროვე მეთოდებით. დავრწმუნდი, რომ მასწავლებლობა ისეთივე ხელოვნებაა, როგორც მხატვრობა, თეატრი, მუსიკა... თუმცა ჩვენ, ამ შემთხვევაში, ვქმნით უფრო ღირებულ "პროდუქტს", რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს".