|
განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი მომავალი თაობებისათვის ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაა, რომლებიც მოსწავლეების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებასა და გამოყენებას, ახალი მოთხოვნების შესაბამისად, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებით იმ სკოლებში, სადაც არ არსებობს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა. პრეზიდენტის ინიციატივის შესაბამისად, ახალი სასწავლო წლიდან პედაგოგებს საშუალება მიეცათ გაამდიდრონ და უფრო საინტერესო გახადონ გაკვეთილები ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენებით.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადებული პედაგოგები თავიანთ სკოლებში საგნების სწავლების თანამედროვე მეთოდს გამოიყენებენ, ხოლო შემდგომ საპილოტე სკოლებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ზოგადი რეკომენდაციები შემუშავდება საჯარო სკოლებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დასანერგად.
ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენებაში ტრენინგი საქართველოს ყველა რეგიონის საჯარო სკოლის ფიზიკის, ქიმიისა და მათემატიკის მასწავლებელმა გაიარა. სულ გადამზადდა 6 312 მასწავლებელი.
|